logo
ENG



ცესკო ირწმუნება, რომ ISFED-ის განცხადება ამომრჩეველთა გენდერულ სტატისტიკაზე "მანიპულაციურია"

08 ნოე 202412:51
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/08/c0jgtxdofmfi2p4.jpg

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ნათია იოსელიანი ირწმუნება, რომ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა გენდერულ სტატისტიკასთან დაკავშირებით ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების განცხადება "არასწორი", "მანიპულაციური" და "დეზინფორმაციულია". მან ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა.

ცესკო-ს მტკიცებით, გენდერული სტატისტიკა ოფიციალურ მონაცემებს არ წარმოადგენს. იოსელიანი განმარტავს, რომ სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სადაც ცესკო მის მოსაზრებებს ადასტურებს, იოსელიანის თქმით, "არასწორი" და "მანიპულაციურია". 

მან აღნიშნა, რომ ცესკო-მ ბრიფინგზე დაადასტურა არა ის გარემოება, რომ არჩევნების დღეს კენჭისყრაში მონაწილე კაც ამომრჩეველთა რაოდენობა ნამდვილად აღემატებოდა ამომრჩეველთა თითოეული ტიპის სიაში რეგისტრირებულ კაც ამომრჩეველებს, არამედ ახსნა ის გარემოება, თუ რით იყო გამოწვეული ე.წ. ცდომილება, კენჭისყრის დღეს წარმოებულ გენდერულ სტატისტიკასა და ამომრჩეველთა აქტივობის წინასწარ მონაცემებს შორის.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვეხმაურებით ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების არასწორ, მანიპულაციურ და დეზინფორმაციულ განცხადებას კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა გენდერულ სტატისტიკასთან დაკავშირებით. ცესკო-მ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გუშინვე უპასუხა სამართლებრივ ნორმებზე და რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით, რაც აბსოლუტურად გამორიცხავდა მოსაზრებას, რომ არჩევნების დღეს ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას. ამის მიუხედავად, ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების თავმჯდომარემ, ნინო დოლიძემ, კიდევ ერთი მანიპულაციური და არასწორი განცხადება გაავრცელა, თითქოს ცესკო-ს განცხადება მის მოსაზრებებს ადასტურებდა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ცესკო-მ ბრიფინგზე დაადასტურა არა ის გარემოება, რომ არჩევნების დღეს კენჭისყრაში მონაწილე კაც ამომრჩეველთა რაოდენობა ნამდვილად აღემატებოდა ამომრჩეველთა ყველა სახის სიაში რეგისტრირებულ კაც ამომრჩეველთა რაოდენობას, არამედ ახსნა ის გარემოება, თუ რით იყო გამოწვეული ე.წ. ცდომილება, კენჭისყრის დღეს წარმოებულ გენდერულ სტატისტიკასა და ამომრჩეველთა აქტივობის წინასწარ მონაცემებს შორის.

კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რეალური რაოდენობა დგინდება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმებით, რომლებიც ემყარება საარჩევნო ბიულეტენების საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით მთვლელების მიერ საარჩევნო ბიულეტენების ხელით დათვლის შედეგებს. კენჭისყრის დღეს, ამომრჩეველთა 20:00 საათის აქტივობა არის წინასწარი მონაცემები, რომელიც იგზავნება საარჩევნო უბნებიდან. არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების შესახებ საბოლოო მონაცემები ფიქსირდება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.

ცესკო-მ საზოგადოებას განუმარტა, რომ გენდერული სტატიკა არ წარმოადგენს ოფიციალურ მონაცემებს, რომელიც შეიტანა შედეგების შემაჯამებელ ოქმებში. აღნიშნული მონაცემებს ითვლიან რეგისტრატორები არა საარჩევნო, არამედ მხოლოდ გენდერული სტატისტიკის დამუშავების მიზნით და შესაძლოა, დათვლის მეთოდოლოგიისა და გარემოებების გათვალისწინებით, მცირედით განსხვავდებოდეს რეალური გენდერული აქტივობისგან, რასაც, კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილი აქვს მხოლოდ რამდენიმე საარჩევნო უბანზე.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნებზე არჩევნებში მონაწილეობას იღებენ სპეციალურ სიებში შეყვანილი ამომრჩევლები: საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, სტაციონარში მყოფი ამომრჩევლები, პატიმრობაში მყოფი ამომრჩევლები, სამხედრო მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით 11 საარჩევნო უბანია, სადაც კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შეცდომით გადმოიგზავნა არჩევნებში მონაწილე ქალების რაოდენობა, რამაც გამოიწვია ცდომილება არჩევნებში მონაწილე კაცების რაოდენობაში და ის ეხება 150 ამომრჩეველს. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე.

ამასთან გვინდა, საზოგადოებას შევახსენოთ რომ ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა განაცხადა, რომ მისი მიერ, 26 ოქტომბრის არჩევნებზე განხორციელებული პარალელური დათვლის შედეგები შესაბამისობაშია ცესკო-ს წინასწარ შედეგების ოფიციალურ მონაცემებთან. შესაბამისად, მოვუწოდებთ „სამართლიან არჩევნებს“, არასწორი აღქმების დათესვის მცდელობის ნაცვლად, სრულად გამოაქვეყნოს პარალელური დათვლის შედეგები, რის შემდეგაც საბოლოოდ დასრულდება სპეკულაციები ამომრჩევლის აქტივობასთან, გენდერულ თუ სხვაგვარ სტატისტიკასთან და ზოგადად არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით“,- თქვა ნათია იოსელიანმა

**

მანამდე, ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების დირექტორის, ნინო დოლიძის თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ზოგიერთ უბანზე, შესაძლოა, კაცი ამომრჩევლების აქტივობა 100%-ზე მაღალი იყოს. ამის შესახებ ინფორმაცია დოლიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

დღის პირველ ნახევარში ISFED-მა საარჩევნო სიის ანალიზი წარადგინა, რომლის თანახმადაც, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე იმაზე მეტმა კაცმა ამომრჩეველმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ვიდრე ამომრჩეველთა სიაშია რეგისტრირებული. რამდენიმე საათში ცესკო-ს წარმომადგენელმა ბრიფინგზე უარყო ISFED-ის ბრალდებები და განაცხადა, რომ მსგავსი უზუსტობა შეიძლება არსებობს მხოლოდ რამდენიმე უბნის შემთხვევაში და შეიძლება ეხებოდეს მხოლოდ მცირე რაოდენობის ამომრჩეველს.

"ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბრიფინგზე, ფაქტობრივად დაადასტურა, რომ რამდენიმე საარჩევნო უბანზე შესაძლოა იყოს ასეთი სტატისტიკა, ანუ კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონე 100%-ზე მაღალი, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოცხადებული კაცი ამომრჩევლების რაოდენობა საარჩევნო უბნის ერთიან და სპეციალურ სიებში რეგისტრირებული კაცი ამომრჩევლების ჯამურ რაოდენობასაც აღემატება", - აღნიშნა ნინო დოლიძემ.

 

close დახურვა